რას წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი?
საზოგადოებრივი დამცველი (ომბუდსმენი) არის კანონის საფუძველზე შექმნილი ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოში ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის დარგში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს, ხელს უწყობს დარღვეული ან შეზღუდული უფლებების აღდგენას.
რა შემთხვევაში მივმართო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს?
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს შეგიძლიათ მიმართოთ მაშინ, როცა თვლით, რომ რაიმე ფორმით ირღვევა ან იზღუდება თქვენი უფლებები, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონებით „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“; აგრეთვე, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით.
საზოგადოებრივი დამცველი თქვენს განცხადებებსა და საჩივარებს განიხილავს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში, რომელთა თაობაზეც ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას განხილვისა და რეაგირების შესახებ.
რით დამეხმარება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი?
თუ თქვენი უფლებები დაირღვა საზოგადოებრივ დამცველს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეუძლია:
• საჩივრის წარმდგენს განუმარტოს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს საჩივრის განხილვის წესი და ვადა, აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საჩივარი, მიუთითოს საჩივარში დაშვებული შეცდომების შესახებ;
• დაუყოვნებლივ გამოითხოვოს დეტალური ინფორმაცია მომსახურების მიმწოდებელი კომპანიისაგან, რომლის მოქმედებამ/უმოქმედობამ გამოიწვია თქვენი უფლებების დარღვევა;
• მომხმარებლის უფლებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მის ხელთ არსებული მასალები გადასცეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და საქმის განხილვის ეტაპზე ჩაერთოს მხარედ;
• კომისიას მიმართოს და მოითხოვოს იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელთა მოქმედებამაც გამოიწვია თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევა;
• წლის განმავლობაში მომხმარებელთა უფლებებზე დადგენილ დარღვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია და წლიური ანგარიში საჯარო გახადოს საზოგადოებისათვის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით;
• ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევების შესახებ გამოაქვეყნოს სპეციალურ მოხსენებებსა და ყოველწლიურ ანგარიშებში.
ეს დამცველის უფლებამოსილებათა არასრული ჩამონათვალია. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2006 წლის 17 მარტის N3 დადგენილებით დამტკიცებულ რეგლამენტს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“.
უფასოა თუ არა საზოგადოებრივი დამცველის მიერ გაწეული მომსახურება?
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მიერ დაინტერესებული პირისათვის გაწეული სამსახური უფასოა.
რა საკითხებს განიხილავს საზოგადოებრივი დამცველი?
საზოგადოებრივი დამცველი განიხილავს მომხმარებელთა განცხადებებსა და საჩივრებს ელექტროკომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მოქმედ ლიცენზიის მფლობელი და ავტორიზირებული პირების მიერ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.
როგორ შევიტანო განცხადება/საჩივარი?
განცხადება ან/და საჩივარი უნდა იყოს დაწერილი კომისიის თავმჯდომარის ან/და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სახელზე, გარკვევით, ქართულ ენაზე, უნდა მოიცავდეს ძირითადი საკითხის, გარემოებების აღწერას და განმცხადებლის ვინაობას, ზუსტ მისამართსა და საკონტაქტო ინფორმაციას.
განცხადება ან/და საჩივარი შეიძლება გაიგზავნოს ფოსტით, ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელის მეშვეობით, სატელეფონო შეტყობინებით ან მომხმარებელმა უშუალოდ მიიტანოს საზოგადოებრივი დამცველის ოფისში.
დაცული იქნება თუ არა ჩემი კონფიდენციალობა და პერსონალური მონაცემები?
განმცხადებელს აქვს უფლება მოითხოვოს მისი საჩივრის განხილვასთან დაკავშრებულ პროცესში გათვალისწინებულ იქნას მისი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის საკითხი.
მომხმარებელთა მიერ საზოგადოებრივი დამცველისთვის გაგზავნილი განცხადებების, საჩივრებისა და წერილების შინაარსი საჯაროა. თუმცა, საჯარო ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ან ანგარიშში საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ანალიზისას დაფარული იქნება მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელი ცნობები თუკი მისგან მიღებული არ არის აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებაზე თანხმობა.
როგორია საჩივრის განხილვის ვადები?
საზოგადოებრივი დამცველი თქვენი განცხადების ან/და საჩივრის განხილვისას დროში შეზღუდული არ არის. განცხადების განხილვისთვის საჭირო დრო დამოკიდებულია მასში დაფიქსირებული პრობლემის შინაარსსა და სირთულეზე. ხშირად სხვა უწყებებისგან საჩივართან დაკავშირებული დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვის გამო, საჩივრის განხილვისთვის საჭირო დრო ხანგრძლივდება.
სად შეიძლება მოვიპოვო უფრო მეტი ინფორმაცია ჩემი უფლებების შესახებ?
თქვენი უფლებების შესახებ მეტ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ კომუნიკაციების მომხმარებელთა ომბუდსმენის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. სამომავლოდ აგრეთვე იგეგმება საინფორმაციო ხასიათის გზამკვლევის დაბეჭდვა, რომელიც უზრუნველყოფს არსებული კანონმდებლობის მიმოხილვას მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხებზე ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში.
ვინ იყო და ვინ ასრულებს საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებს?
პირველი, ვინც ამ თანამდებობაზე დაინიშნა იყო – ლია მუხაშავრია (2002-2003). შემდგომ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი გახდა პავლე ბერია (2004-2005). მის მიერ კანონით დადგენილი 2-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საზოგადოებრივი დამცველის ფუნქციებს სხვადასხვა დროს ახორციელებდნენ საზოგადოებრივი დამცველის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლები. 2014 წლამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი აღარ ჰყოლია. 2014 წლიდან ამ თანამდებობას თამთა ტეფნაძე იკავებს.
სად უნდა მივმართო საზოგადოებრივ დამცველს საჩივრით?
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს საჩივრით შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ მისამართზე:
თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18
ტელ: +995 32 2399505; +995 32 2311545;
ელ-ფოსტა: defender@gncc.ge, ttepnadze@gncc.ge.